📷 Flock პოლიციის სათვალთვალო კამერების ქსელზე წესებს ამკაცრებს
სათვალთვალო ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Flock-მა პოლიციელებისთვის სანომრე ნიშნების ამოცნობის სისტემაზე წვდომის წესები ოფიციალურად შეცვალა. კომპანია ცდილობს შეაჩეროს მზარდი საზოგადოებრივი პროტესტი და დაიბრუნოს დაკარგული კონტრაქტები, რომლებიც მასობრივი თვალთვალისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო გაუქმდა. კომპანიის 120 000 კამერა შეერთებულ შტატებში ერთიან მასშტაბურ ქსელს ქმნის, რომლითაც ათასობით სამართალდამცავი უწყება სარგებლობს. სისტემა პოლიციელებს გადაადგილების ლოკაციების უზარმაზარ ბაზაზე აძლევს წვდომას. The Washington Post-ის გამოძიებამ 46 ისეთი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც ოფიცრები Flock-ის კამერებს უკანონო მიზნებისთვის, მათ შორის პირადი თვალთვალისთვის იყენებდა. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, კომპანია პოლიციელებისგან ძებნის დაწყებამდე სისხლის სამართლის საქმის ნომრის მითითებას მოითხოვს. ეს ფუნქცია გასულ წელს არასავალდებულო რეჟიმში გამოჩნდა, ახლა კი სავალდებულო სტანდარტად იქცა. ამ გზით სისტემამ თითოეული ძებნის ოფიციალური საფუძველი უნდა დაადასტუროს. უფლებადამცველი ორგანიზაცია ACLU განმარტავს, რომ მსგავსი შეზღუდვების გვერდის ავლა პოლიციელებს აქამდეც მარტივად შეეძლო. ორეგონის შტატის ერთ-ერთ განყოფილებაში ოფიცრებმა მიზეზის ველში სიტყვა „hehehe" 20-ჯერ ჩაწერა. Flock საქმის ნომრების სისწორეს რეალურ ბაზებში არ ამოწმებს, რაც მანიპულაციის შესაძლებლობას ისევ ტოვებს. დარღვევების გამოსავლენად კომპანია აუდიტის ავტომატურ სისტემას აფართოებს, აცხადებს Flock-ის ადმინისტრაცია. ალგორითმი ოფიცრების აქტივობას აანალიზებს და საეჭვო ძებნის შემთხვევებს ხელმძღვანელობას უგზავნის. ეს ინსტრუმენტიც გასულ წელს ნებაყოფლობითი იყო, ახლა კი ყველა კლიენტისთვის სავალდებულო გახდა. კომპანია უწყებებს მონაცემების შენახვის ვადის 30 დღიდან 7 დღემდე შემცირებას ურჩევს. ამასთან, პოლიციის დეპარტამენტებს საშუალება ეძლევა, სხვა უწყებების წვდომა მხოლოდ კონკრეტული მუხლებით შეზღუდოს. მაგალითად, დაშვებული იქნება ძებნა ადამიანის გატაცების საქმეებზე, ხოლო მიგრაციის კონტროლის მიზნით მოთხოვნები დაიბლოკება. პროტესტის გამო ქალაქების ნაწილმა კომპანიასთან კონტრაქტები გაწყვიტა. NPR-ის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში ხელშეკრულება მინიმუმ 30-მა ქალაქმა გააუქმა. აქტივისტების ჯგუფი DeFlock აცხადებს, რომ რეალური რიცხვი გაცილებით დიდია. ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა სანომრე ნიშნების ამომცნობი სისტემები საერთოდ აკრძალა. მუნიციპალიტეტების ნაწილმა კონკურენტების, Axon-ისა და Motorola-ს აპარატურა არჩია. Flock-ის მონაცემებით, ეს გაუქმებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ 5 000 სააგენტოს შორის, რომლებსაც კომპანიასთან ოფიციალური კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან სამართლებრივი ზეწოლა ყოველთვიურად იზრდება. ACLU-ს უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჩად მარლოუ, აცხადებს, რომ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას თვალთვალის ფართო მასშტაბი განაპირობებს. მისი თქმით, ორდერის გარეშე მონაცემების შეგროვება მოქალაქეების კონფიდენციალურობას არღვევს და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ უფლებებს. მარლოუმ განაცხადა: „ამერიკაში ადამიანის გამოძიება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ არსებობს ეჭვი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა". მისი თქმით, თვალთვალის კამერების გამრავლება პოლიციას საშუალებას აძლევს, მოქალაქეები ყოველგვარი წინასწარი სამართლებრივი ეჭვის გარეშე აკონტროლოს. Flock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარეტ ლენგლიმ, განმარტა, რომ კლიენტების დაკარგვის მთავარი მიზეზი დეზინფორმაციაა. მისი თქმით, საზოგადოებას შეცდომით ჰგონია, რომ სისტემა სახის ამოცნობას ახორციელებს ან ინფორმაციას კომერციულ კომპანიებზე ყიდის. ლენგლის თქმით, კომპანიის პოზიცია შეიცვალა და Flock უსაფრთხოების წესების მკაცრ აღსრულებაზე გადადის: „ჩვენი პასუხისმგებლობაა, დამცავი მექანიზმები სავალდებულო გავხადოთ და არა მხოლოდ არჩევანის სახით დავტოვოთ". კომპანია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. უფლებადამცველები მიიჩნევს, რომ ახალი შეზღუდვები მხოლოდ საწყისი ნაბიჯია. რეალური შედეგის შესაფასებლად აუცილებელია, რომ კომპანიამ საკუთარი ალგორითმები და მონაცემთა ბაზები დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმებისთვის გახსნას, რათა მასობრივი თვალთვალის რისკები სრულად გამოირიცხოს. ადგილობრივი თვითმმართველობები და აქტივისტები ფედერალური რეგულაციების მიღებას ითხოვს, რაც პოლიციას მოქალაქეების პირადი მონაცემების უსაფუძვლო შეგროვებას აუკრძალავს. მომავალ თვეებში მოსალოდნელია ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა, რომლებიც სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების მკაფიო ჩარჩოებს დააწესებს.
Flock პოლიციის სათვალთვალო კამერების ქსელზე წესებს ამკაცრებს